საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილება, გააუქმოს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლის ნორმების მნიშვნელობას.
ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ქართველ დიპლომატებს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატს, რომელიც მუშაობს წარმატებული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.