საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა.

ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სამომავლოდაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა სექტორებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო და სადაზღვევო სფეროები.

კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზებიც გაზარდეს.

„ეს შედეგები არის, ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და, მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ქვედა დონეზე კვლავ უნდა გაგრძელდეს, თუმცა, მისი შეფასებით, მართვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრსა და მის გუნდს, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კორუფციის შემცირებასა და ეფექტიან მართვასთანაც არის დაკავშირებული.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სავალუტო რეზერვებზეც და განაცხადა, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც, მისი თქმით, ისტორიული მაქსიმუმია.

„წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52%-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგად, გასულ თვეებში ლარის კურსიც გამყარდა და მნიშვნელოვანია არსებული ტენდენციების შენარჩუნება.