პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მისი ბიძაშვილის, მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას გეგმავს.
როგორც საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე სასამართლოს აღნიშნული დასკვნის საქმეზე დართვისა და ექსპერტის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.
მისივე თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში მოპოვებულია მიმოწერები, აუდიოჩანაწერები, ფოტო და ვიდეომასალა.
„ანდრია ლილუაშვილის მობილურ ტელეფონებზე დანიშნული იყო კომპიუტერული ექსპერტიზა. დღეის მდგომარეობით, ბრალდების მხარემ მიიღო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული მიმოწერები, აუდიო საუბრები, ფოტო და ვიდეომასალა იქნა მიღებული“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის თქმით, მოპოვებულ მასალებში, მათ შორის, ფიქსირდება მიმოწერები „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მათ შორის, კონკრეტულ „ქოლ ცენტრთან“ მიმართებით არსებული მიმოწერები. საქმეში ფიგურანტი პირების მონაყოლი ამ მიმოწერიდან ცალსახად დასტურდება. ეს არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, თუმცა საბოლოო შეფასება სასამართლოს მიერ ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში მოხდება“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისივე თქმით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილებს შორის კავშირი, მათ შორის, მიმოწერის გზით.
„შინაარსობრივად, რა მიმოწერაა ან რას ადასტურებს კონკრეტულად, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, იგი გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზეა მსჯავრდებული. მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.