„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას ესწრება.
ბოკუჩავა „Hotels & Preference Hualing Tbilisi“-ში ზუსტად 15:00 საათზე მივიდა და განაცხადა, რომ ყრილობაზე დასწრებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
„სამი მიზეზით ვარ აქ. უპირველესად, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც ყრილობის დელეგატები არიან, იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს ორი წლის წინ, რათა ორი წელი მემსახურა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, მისთვის მთავარი არა თანამდებობა, არამედ ბრძოლა და საერთო მიზანია.
„თუ აქამდე ვინმემ ვერ გაიგო, ახლა გაიგონ, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, ღირსება, სიმართლე და გამარჯვება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ“, – აღნიშნა მან.
ბოკუჩავას განცხადებით, სურს წარმატება უსურვოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელ ყრილობაზე პარტიის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებენ.
„დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება, ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, მან თავად ითხოვა, მისი კანდიდატურა დროებით მმართველობით ორგანოში არ დასახელებულიყო.
„ჩემი თხოვნა იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად, არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება ექვსი თვის ვადით. მე ჩემს თავს ვერ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.