„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იგი პარტიის დროებით მართვის სტრუქტურაში საკუთარ თავს ვერ ხედავს.
ამის შესახებ ბოკუჩავამ პარტიის ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მას გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით შეთავაზება ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა, ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელოს.
„მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება, ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, მან თავად ითხოვა, მისი კანდიდატურა დროებით მმართველობით ორგანოში არ დასახელებულიყო.
„ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად, არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც ექვსი თვის ვადით იქმნება. მე ჩემს თავს ვერ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ ასევე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.