საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე, რომელიც მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას უკავშირდება, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთა კომპანიებმა მოიგეს ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებში მათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინათ.
გამოძიების ინფორმაციით, ტენდერების შესრულების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციების კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ბრალდებულებმა საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით მიაწოდეს ფალსიფიცირებული პროდუქცია – ცხენის ხორცი, რის შედეგადაც დაზარალებულებს ქონებრივი ზიანი მიადგათ.
„ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.