სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშების საშუალებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც, უწყების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას ემსახურება.
სუს-ში აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელების გზით ყალბი აღქმის შექმნაა, თითქოს საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
„ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ქვეყნდებოდა. კერძოდ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ან მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად აბინძურებდნენ და ა.შ.
მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინმედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით. გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.