ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ქვეყანაში ენერგეტიკის სფეროში არსებულ ვითარებას „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტურობას, კორუფციასა და გაუმართავ ინფრასტრუქტურას უკავშირებს.

ყოფილი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზი არა საბოტაჟი, არამედ ამორტიზებული ქსელია, რომლის დაზიანებაში, მისი თქმით, კრიპტომაინერებმაც შეიტანეს წვლილი.

„ყველაზე მეტად, რაც „ოცნების“ ხელისუფლებას გაუხარდება, არის ის, რომ ვიძახოთ – საბოტაჟის (ანუ მტრების) ბრალია. სინამდვილეში ყველაფერი დღესავით ნათელია – უხარისხო ქსელი დატვირთვას ვერ უძლებს.

მის ამორტიზაციაში ათი წლის განმავლობაში კრიპტოენერგოვამპირებმაც თავისი როლი ითამაშეს – უმოწყალოდ ეწევიან სისტემის ცვეთას.

შეცდომები, არაკომპეტენტურობა და ტოტალური კორუფცია არის იმის მიზეზი, რაც ხდება.

ამ წუთას ჩემთან შუქი მოვიდა. კი, გაგვიხარდა, მაგრამ სიხარული ნაადრევია – ისევ წავა. სანამ ესენი არ წავლენ, „სინათლეს“ ვერ ვეღირსებით“, – წერს რომან გოცირიძე.