უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბაშკირეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე, რომლებიც, მისი თქმით, ომის დაფინანსებას ემსახურება.

„დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ კიდევ ერთხელ იმუშავა რუსეთის ნავთობის შემოსავლების შემცირებისთვის, რასაც იგი ომის დასაფინანსებლად და უკრაინელების მკვლელობისთვის იყენებს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა აგრესორის ობიექტებს ფრონტის ხაზიდან 1300 კილომეტრზე დაარტყეს. მათ იერიში მიიტანეს ბაშკირეთში, „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ასევე, იაროსლავლის ოლქში, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრში, „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, – წერს ზელენსკი.

მისივე ცნობით, უკრაინამ წარმატებული დარტყმები შავ ზღვაშიც განახორციელა.

„დარტყმები განხორციელდა ორ სამხედრო საპატრულო კატარღასა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების მებრძოლებს, რომლებიც დიპლომატიის შანსებს ზრდიან. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.