რაკეტების დეფიციტის გამო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს შორის კონფლიქტი მოხდა, – ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას, კემპ-დევიდში გამართულ მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა პიტ ჰეგსეთს ირანთან ომის ფონზე რაკეტების დეფიციტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

წყაროების ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ მას რაკეტების მარაგების შესახებ შეცდომაში შეიყვანეს, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებაზე გავლენას ახდენს.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, სწორედ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დეფიციტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპმა გასულ შაბათ-კვირას ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი იერიშების განხორციელებაზე უარი თქვა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა The Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

„ეს 100%-ით „ფეიკ ნიუსია“. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. პრეზიდენტ ტრამპს მდივან ჰეგსეთის მიმართ უდიდესი ნდობა აქვს“, – განაცხადა ლევიტმა.