„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეში ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც 2012 წლიდან ვიცავთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ევროკავშირის მიერ კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია და კონკრეტული კომპანიის მესაკუთრეები საკითხს თავად მოაგვარებენ.
„რაც შეეხება „ინტერ რაოს“ დასანქცირებას, მასთან ერთად სხვა მესაკუთრეებიც არიან, როგორც ვიცი, მათ შორის ქართველებიც. ერთმანეთში გაერკვევიან. ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეში ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიცავთ და 2012 წლიდან მივყვებით. თუ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის მოქმედების საჭიროება და აუცილებლობა დადგება, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. თუმცა ბიზნესი ხელშეუხებელია , თავად მოაგვარებენ და გაერკვევიან საკითხში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მსგავსი სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისდა.
„ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს საკუთრება იყო. როდესაც „სისხლიან რეჟიმზე“ ვსაუბრობთ, სწორედ მათი ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი იყო მსგავსი კომპანიების რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გასხვისება. გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ასდის; ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში რუსული ბიზნესის შემოსვლასა და საქმიანობაში პრობლემა არ იყო. ეს ყველაფერი 2008 წლის შემდეგ ხდებოდა. აგზავნიდნენ წერილებს, რათა როგორმე დაეთბოთ ურთიერთობები და ჩვენს ქვეყანაში კულტურული ღონისძიებები ჩატარებულიყო.
მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, წამოვიდა დავალება „დიფ სთეითიდან“ მათი პატრონებისგან და თუ რაიმეს რუსული ჰქვია, ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა. ამასთან, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პირნათლად ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებიც მათი პატრონებისგან მოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოს მხრიდან საჭირო და აუცილებელი გახდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.