საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აფხაზეთის ომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ და 318-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

საგამოძიებო ორგანოში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ“.

მოგვიანებით, ბარამიძემ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საუბარი ომის პირველ პერიოდს შეეხებოდა, ხოლო მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ, ვითარება შეიცვალა და, მისივე განცხადებით, სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი სეპარატისტულ მხარესთან 200 ქართველი ტყვის გაცვლა.