პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-14 სექტემბრის პერიოდში განხორციელდება, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების გაყიდვა II-VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ დირექტორი მიხეილ ყუფარაძე ETON KIDD-ის საწარმოს ეწვია, სადაც სასკოლო ფორმების წარმოების პროცესს, გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გაეცნო.

„შეგახსენებთ, რომ სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად საქართველოში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Glory Textile Industry გამოვლინდა.

კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადებისა და საქართველოში მიწოდების უზრუნველსაყოფად ჩინეთში მოქმედ მწარმოებელ ბრენდთან Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management-თან ითანამშრომლა.

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:

  • I ეტაპი – 25 აგვისტო;
  • II ეტაპი – 15 ოქტომბერი;
  • III ეტაპი – 30 ნოემბერი.

პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. მეორე და მესამე ეტაპებზე კი ფორმების რეალიზაცია II-VI კლასების მოსწავლეებისთვის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.