„მე მესმის, ვიაზრებ და ვიზიარებ მის (ეკა კუპატაძის) ამ განსაცდელს, მაგრამ განვმარტავ: ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს, მისი სახელი და გვარიც კი არ იცოდა. რა მოტივით უნდა „ენდომებოდა“ უცნობი ადამიანის სიკვდილი?“ – ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ანასტასიას, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად, პოლიციაში რომც დაერეკა, ამას სხვა შეფასება და განხილვა მოჰყვებოდა.
„მარტო ორი დღე არ არის გასული მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ჩემს ოჯახს და ჩემს ანასტასიას გადახდა თავს. მას შემდეგ მე მე აღარ ვარ.
არ დავიწყებ იმის საუბარს, რომ ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს , ასე უნდა მოხდეს და ასეც ხდება. თუმცა აქვე განვმარტავ: ანასტასია ბერუაშვილი ამ საქმეში ნამდვილად არ არის ჩართული. ის რომ ერთ-ერთის „შეყვარებულად“ ფიქსირდებოდა, ამ მკვლელობაში თანამონაწილეობაზე არ მიუთითებს და საერთოდაც, მათთან არანაირი მეგობრული კავშირი არ ჰქონია. (დაიკითხონ ის პირებიც).
იტყვით, რა დროს „შეყვარებულის“ დრო იყო? აქვე გეტყვით , ყველას გვქონია ეს ასაკი. მას ამის შესახებ არაფერი დაუმალავს, მე და ბებიას გაგვიმხილა მისი პატარა საიდუმლო. თურმე, რა სიურპრიზს უმზადებდა ბედი და მისი ეს ბავშვური „სიყვარული“ რამხელა განსაცდელს უქსოვდა წინ.
ვინც ანასტასიას იცნობს, თუნდაც ერთხელ ჰყავდეს ნანახი, იცის, რომ ის სულ მომღიმარი და წრფელი ადამიანია. მასში არანაირი ბოროტება არასდროს ყოფილა.
არასოდეს დამიწერია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ შეტყობინებებზე პასუხი. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალბატონი ეკა შვილმკვდარი დედაა და ამაზე დიდი განსაცდელი არ არსებობს.
მე მესმის, ვიაზრებ და ვიზიარებ მის ტკივილს, მაგრამ განვმარტავ: ანასტასია არათუ იცნობდა მის შვილს, მისი სახელი და გვარიც კი არ იცოდა. რა მოტივით უნდა „ენდომებოდა“ უცნობი ადამიანის სიკვდილი?
დაფიქსირდა ზარი, რომლის დროსაც გ.რ.-მ ანასტასიას უთხრა, რომ მას და მის მეგობარს იჩხუბეს. ანასტასიას უნდა დაერეკა პოლიციაში და ეთქვა, რომ მოხდა ჩხუბი. თუმცა რატომ უნდა სცოდნოდა მას გარდაცვლილის სახელი, გვარი და მისამართი? რომც დაერეკა, ამასაც სხვა განხილვა მოჰყვებოდა.
იმედი მაქვს, სიმართლე იზეიმებს და დავამტკიცებთ, რომ ჩემი გოგოს ბრალეულობა ამ საქმეში ნამდვილად არაფერია“, – წერს ანასტასია ბერუაშვილის დედა.
გიგა ავალიანის საქმეზე სამართალდამცავებმა ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს , ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წარუდგინა.
ნია იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ნია იმნაძემ მის მეგობრებს , ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოს მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა, რის გამოც ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად მასზე თავდასხმა განეხორციელებინა.
პროკურატურის ცნობით, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია შვიდი პირი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულია.