„საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის ისეთი რეზონანსული არ იყო. ის 2-3 დღე გაგრძელდა და არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკით იყო განპირობებული, ხოლო დღეს, მისი შეფასებით, ომის დაწყების პასუხისმგებლობა ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს აკისრებენ.
„ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. სისხლიანი რეჟიმის ყველა ქმედება იყო გარედან თავსმოხვეული.
სამწუხაროდ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი და მტრული საქმიანობა დღესაც გრძელდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი 7 აგვისტოს ასახელებს.
„თუ გადავხედავთ, როდის აღინიშნებოდა ომის დღე და როდის ხდებოდა დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგება, არქივებში არსებული მასალებით ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ვკითხოთ, რატომ მოხდა თარიღის შეცვლა, თუმცა ისტორიას ვერავინ გადაწერს.
ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დაბრალდა და ეს პირდაპირ წერია ტალიავინის დასკვნაში. როდესაც ხელს აწერ ამ რეზოლუციას, ეს მოღალატეობრივი ნაბიჯია.
მაშინ საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის ისეთი რეზონანსული არ იყო. ის 2-3 დღე გაგრძელდა და არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა კალაძემ.