უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის მიერ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ე.წ. „გრემის პაკეტის“ მიღებას გამოეხმაურა და უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.
ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის სენატის მიერ ლინდსი გრემის ინიციატივით მომზადებული სანქციების აქტის მიღება რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ აშშ-ის სენატის და ყველასი, ვინც უკრაინას მხარს უჭერს. ლინდსი გრემის მიერ ინიცირებული რუსეთისა და ირანის სანქციების აქტის მიღება ნამდვილად ხელს უწყობს აგრესორზე ზეწოლის გაზრდას, რათა ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ეს შეშლილი რუსული ომი დასრულდეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გახანგრძლივების მიზნით ბალისტიკურ რაკეტებზე აკეთებს გათვლას.
„მაშინ, როდესაც საკუთარი თავის დასაცავად Patriot-ის რაკეტებს ვეძებთ, ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მხარდამჭერი ყველა სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის წინააღმდეგ რეალური, ძლიერი ამერიკული ზეწოლა და სანქციები არის ის, რაც ყველაზე მეტად დაგვეხმარება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.