„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გერმანული კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს.

თამარ იოსელიანის განცხადებით, კვლევა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება და მისი შედეგები ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას დაეფუძნება.

„დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორედ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. საქართველოში საავიაციო სექტორი სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ განვავითაროთ ახალი აეროპორტი, რომელიც შეძლებს რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს და რომელიც ოპერირებაში უნდა შევიდეს 2032 წლიდან“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება საქართველოს დაკავშირებადობას კიდევ უფრო გაზრდის და ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული პროექტი, ცხადია, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ საქართველოს დაკავშირებადობა, ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შესაბამისად გვქონდეს წვდომა შესაბამის გლობალურ ბაზრებთან და შევძლოთ როგორც მგზავრების მომსახურება, ასევე ტვირთის მომსახურება და შესაბამისი საავიაციო სერვისების გაწევა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს.