საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი დამტკიცდა. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე ონლაინ, შესაბამისი ვებგვერდის მეშვეობით. ფორმის შეძენისას გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით იქნება შესაძლებელი, ფიზიკურ პუნქტებში კი მომხმარებლები საბანკო ბარათით გადაიხდიან.

სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ:

  1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;
  2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს. კომპანია პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.

რეალიზაციის პუნქტების მისამართებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.