12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების პროცესში მეწყრის ვერსია უფრო მეტად გამოირიცხება, – ამის შესახებ გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში არსებობდა ვერსია, რომ გურამ დადიანიძე მეწყერმა მოიყოლა, თუმცა საქმის ახალი გარემოებები ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
„წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყრის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატმა ასევე ისაუბრა საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე და აღნიშნა, რომ მისი შინაარსი შესაძლოა საქმის არაერთ გარემოებას ცვლიდეს.
„რაც შეეხება გასაჯაროებულ ვიდეოს, გამოკითხულია ის პიროვნება, ვინც გადაიღო და ატვირთა „იუთუბში“. აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და შინაარსობრივად ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. ძალიან ბევრი ახალი გარემოება გამოჩნდა აღნიშნული ჩანაწერით“, – განაცხადა კაკაბაძემ.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელია ჩართული. ისინი ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მისი კვალი ამ დრომდე ვერ იპოვეს და საქმე გაუხსნელად ითვლება.
გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეა ჩართული.