ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლიაში“ კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც საწარმოო პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საწარმო არაგეგმურად შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლი მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.