მიხეილ სააკაშვილი იმ ადამიანებით არის უკმაყოფილო, რომლებიც საკუთარი პასიურობით არა მხოლოდ საერთო ბრძოლას აზიანებენ, არამედ ასუსტებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს.

„პირველ რიგში, პუტინის პირად ტყვეს და ივანიშვილის პოლიტიკურ პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს სრულად ვეთანხმები. ის ამ ქვეყნისთვის არის პოლიტიკური ტყვე, მასთან ერთად ჩვენი თანამებრძოლებიც. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, როცა ამდენი პოლიტპატიმარია ციხეში, ოპოზიციის მხრიდან არ იყოს ისეთი ტიპის აქტიურობა, რომელიც სჭირდება ამ პოლიტიკურ პროცესს.

ამაზე საუბრობს სააკაშვილი და ეხება ყველას, მათ შორის შეიძლება, ჩვენზეც იყო საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქვეყნისა და ხალხის, პოლიტპატიმრების წინაშე. ეს ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ ვიყოთ აქტიურები და ეს ქვეყანა არ უნდა ვაქციოთ ირანულ-რუსული სისხლიანი ფულის კრიპტოსამრეცხაოდ. რეალურად, უნდა შევცვალოთ ყველაფერი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ მომავალი“, – განაცხადა ფარულავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციას მეტი აქტიურობა მართებს და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობა ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„მეტი აქტიურობა გვმართებს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ. ვაქტიურობთ და ამის კონკრეტული მაგალითი იყო ის, რომ გეგონათ, ყრილობაზე დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნახავდით, მაგრამ ნახეთ გაერთიანებული. მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხით არის უკმაყოფილო, რომელიც თავისი პასიურობით არა მხოლოდ აზიანებს საერთო ბრძოლას, არამედ ასუსტებს“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, ეხება თუ არა სააკაშვილის განცხადება ოპოზიციური ალიანსის წევრებსაც, ფარულავამ უპასუხა, რომ მათ შორის ალიანსის წევრებიც იგულისხმებიან.

„შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი ვიდეო-კომენტარები და ნახავთ, რომ იქ არ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც, მაგალითად, ალიანსში არიან, იყვნენ პოლიტიკურ პროცესში 2024 წელს, სად გაქრა ეს ხალხი? სად წავიდნენ? ეს ქვეყანა ყველასია და უნდა ვიბრძოლოთ ყველამ. არ შეიძლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ამ ბრძოლის წინა ხაზზე“, – განაცხადა ფარულავამ.