აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შემთხვევა იმ ადამიანებს აძლევს იმედს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში ჩაგრულები და მარტო დარჩენილები არიან.

ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მიკერძოებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„აი, როგორები ხდებიან ქართველი „ვაჟკაცები“, როცა ბრბოსთან ერთად აღარ დადიან და მარტო რჩებიან…დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

რაც შეეხება მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილს – უფრო მეტად გონიერი და ობიექტური ეგონა ყველას, დღეს რაც იკადრა, ყველამ დავინახეთ. არა უშავს – მას საზოგადოება განსჯის. მე კი იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო მისნაირ მიკერძოებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ერთი რამ მინდა გაითვალისწინოთ, ჩემმა ამბავმა ბევრ ისეთს მისცა იმედი, ვინც ასეთ სიტუაციაში ჩაგრული და მარტო დარჩენილია.

მომავალში აღარ მინდა, ვინმეს ეშინოდეს ჩაგვრის წინააღმდეგ ხმის ამოღების. არ მინდა, ადამიანს ეგონოს, რომ თუ უსამართლობას შეეწინააღმდეგება, უფრო მეტი პრობლემა შეექმნება.

თუ დღეს ჩემი ბრძოლა ვინმეს აძლევს ძალას, რომ ხვალ თავადაც დაიცვას საკუთარი თავი, მაშინ ამ ყველაფერს აზრი აქვს.

მადლობა საქართველოს პროკურატურას, რომ მოსამართლის მხარე არ დაიჭირა და პროცესში თავისი პოზიცია დაიცვა.

და ყველაზე დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში ჩემს გვერდით დგახართ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე არ გავჩუმდები.

მე უკან არ დავიხევ.

და არავის მივცემ უფლებას, ჩაგრულ ადამიანს ეგონოს, რომ ის მარტო არის.

ეს ბრძოლა უკვე მხოლოდ ჩემზე აღარ არის“, – წერს კობა ფარტენაძე.

ინფორმაციისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ რამდენიმე დღის წინ მის მიმართ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

პოლიციამ კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ისინი გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულები სასამართლომ 7 000-7 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.