იაპონიამ კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კუნძულ ეტოროფუს (რუსულად – იტურუპი) ეწვია. ჩრდილოეთის ოთხი კუნძული, მათ შორის კუნძული ეტოროფუ, ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია და იაპონია ამ ვიზიტს მკაცრად აპროტესტებს“, – აცხადებს იაპონიის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპს ეწვია. ეს პუტინის პირველი ვიზიტია კურილის კუნძულებზე.

კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი ტერიტორიული დავის საგანია.