უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა ნოვოროსიისკში უკრაინული ძალების მიერ ჩატარებულ ოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის სამხედრო მანქანის მწყობრიდან გამოყვანას გეგმავს.

„რუსეთის სამხედრო მანქანას მწყობრიდან გამოვიყვანთ – გავანადგურებთ ინფრასტრუქტურას, ფლოტს, ლოგისტიკას, საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს და საწარმოებს, რომლებიც უკრაინისწინააღმდეგ ომისთვის მუშაობენ“, – წერს ევგენი ხმარა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაცია უნიკალური იყო, რადგან დარტყმა ერთდროულად რაკეტებით, რეაქტიული და საზღვაო დრონებით განხორციელდა.

„ნოვოროსიისკში ჩვენი ოპერაცია უნიკალური გახდა. კომბინირებული დარტყმა განხორციელდა რაკეტებით, რეაქტიული დრონებით და საზღვაო დრონებით. რუსეთი უძლური აღმოჩნდა უკრაინული იარაღის სინქრონული მოქმედების წინააღმდეგ. ეს არის ერთობლივი ძალისხმევისა და სინერგიის შედეგი, რომელიც იზრდება თავდაცვის ძალებში. მადლობა ჯარისკაცებს სიზუსტისთვის. მადლობა უკრაინელ იარაღის მწარმოებლებს გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკრაინას მეტ შესაძლებლობას აძლევს, სიღრმეში დაარტყას მტერს“, – წერს ხმარა.

მისივე განცხადებით, რუსეთში deep strike-ის შესაძლებლობების გაძლიერება უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„მთავარსარდალ დრაპატისთან, გენერალურ შტაბთან, უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან და მწარმოებლებთან ერთად, ჩვენ გავზრდით ამ ზეწოლას“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში ოთხ რუსულ სამხედრო გემს დაარტყა.

გენშტაბის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო რუსეთის ოთხმა სამხედრო გემმა: ორმა ფრეგატმა – „ადმირალ მაკაროვმა“ და „ადმირალ ესენმა“, მცირე სარაკეტო გემმა – „ბუიანმა“ და საპატრულო გემმა – „ვასილი ბიკოვმა“.

დაზიანებები ასევე მიიღო 30N6E რადარმა, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილია; ნოვოროსიისკის პორტის N2 ნავმისადგომთან მდებარე მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა; გრუშოვის ნავთობბაზის – შესხარისის ტერმინალის გვირაბის პორტალმა; ასევე N3, N6 და N7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურამ.