მლეთაში, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების ადგილზე დალუქული ჭაა, რომელიც, მისივე თქმით, ადრე დალუქული არ ყოფილა.
სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ჭის შემოწმებას სამართალდამცველებს დღეს სთხოვს.
„ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ?“ – განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა „ტვ პირველთან“.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების მეოთხე დღეს ტერიტორიის ნაწილი სკანერის საშუალებით შეამოწმეს, თუმცა მიწისა და ქვების გამო ყველა ადგილის სრულად გამოკვლევა ვერ მოხერხდა.
„გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. ეს მასა ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე ამ დრომდე გაუხსნელია, რადგან მისი კვალის მიგნება ვერ მოხერხდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი, შვილის პოვნაში დახმარებას წლების განმავლობაში ითხოვს.
საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც ჩაერთო.