რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, თავდასხმის დროს რუსულმა ძალებმა რეაქტიული ტიპის დრონი გამოიყენეს.

„მატარებელში 340 ადამიანი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილია, რომ მემანქანე და მისი თანაშემწე დაიღუპნენ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისივე ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის 11 ოლქს 130-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„ყოველდღე, რუსები ადამიანების ცხოვრებაზე დარტყმას ტერორის მიზნით ახორციელებენ. სამწუხაროდ, ყველა მსგავს თავდასხმას მსოფლიოს მხრიდან მკაცრი პასუხი არ მოჰყვება. თუ მსოფლიო ევროპაში ამ ომის დასრულების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი, მაშინ ამისთვის მეტი საჰაერო თავდაცვა და რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.