პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა.

მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის საკითხი პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

„ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის პოლონეთის უსაფრთხოების კონტექსტში უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ეს პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის პირველი შემთხვევა არ იქნება. გასულ თვეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე პოლონეთის მთავრობამ უკრაინას Patriot-ის ხუთი რაკეტა გადასცა.