აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა.

აბას არაღჩის თქმით, შუამავლებმა – კატარმა და პაკისტანმა – მხარეებს შორის შეტყობინებები გაცვალეს, თუმცა ეს მოლაპარაკებების განახლებას არ ნიშნავს.

„მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. არსებული საკომუნიკაციო არხები არაეფექტური გახდა“, – აღნიშნა არაღჩიმ.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტრამპი ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს.

„ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარება შეუძლებელია „ტვიტით“, ავიამზიდით, საპრეზიდენტო განკარგულებით ან საარჩევნო განცხადებით. ირანს მუქარის არ ეშინია და არც ძალის დემონსტრირება აშინებს. სრუტე მხოლოდ ირანის გადაწყვეტილებით გაიხსნება ან დაიხურება და ვიდრე თქვენ დამარცხების აღიარებაზე უარს ამბობთ, ირანი ბლოკადას განაგრძობს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.