აშშ-ის ინდიანის შტატში შტორმისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
დაღუპულებს შორის არის ჯენინგსის ოლქში მცხოვრები ოთხი წლის ბიჭი. ბავშვის სახლს ძლიერი შტორმის დროს ხე დაეცა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. დეპარტამენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ასევე არიან 19 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ინდიანაპოლისის რაიონში, სადაც საგანგებო სამსახურებმა წყალდიდობის გამო ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინდიანის გუბერნატორმა, მაიკ ბრაუნმა, შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განცხადებით, მან აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისაუბრა, რომელიც შტატისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფას დათანხმდა.
ინდიანაში ელექტროენერგიის გარეშე კვლავ დაახლოებით 150 000 აბონენტი რჩება. ინდიანის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯონათან უითჰემის განცხადებით, წყალდიდობა მომდევნო 24 საათის განმავლობაში კვლავ სერიოზულ პრობლემად დარჩება.
ამასთან, ინდიანაპოლისის მერმა, ჯო ჰოგსეტმა განაცხადა, რომ ქალაქს მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.