რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის 13 რეგიონი დაბომბეს. მტერმა უკრაინის ქალაქებისა და თემების მიმართულებით 1 550-ზე მეტი დრონი, 1 560-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 62 რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტა იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, წუხელ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ბალისტიკური რაკეტებით ასევე დაბომბეს კრემენჩუკი და კრივი-რიჰი. კრივი-რიჰში ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, სუმიში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციასა და მედიკოსებს, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხის ეს თავდადება შეავსოს ჩვენი პარტნიორების მიერ ცის დასაცავად გადადგმულმა ახალმა ნაბიჯებმა. როდესაც აქ, ევროპაში, ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტები ინფრასტრუქტურას ანადგურებენ და ადამიანებს სიცოცხლეს ართმევენ, ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები უბრალოდ საწყობებში არ უნდა ინახებოდეს. ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ. რუსეთი უნდა შეჩერდეს. დახმარების ახალი პაკეტები ფაქტობრივად ნიშნავს ყოველდღიურად გადარჩენილ სიცოცხლეს და დაცულ ინფრასტრუქტურას“, – აცხადებს ზელენსკი.