როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

გორდულაძის თქმით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ და ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილება, რაც მათ აქვთ, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოხდეს.

„არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და არსებობს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი პროდუქტი – იქნება ეს სურსათი თუ სხვა, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან კანონიერად მოხვდეს, რასაც ასევე სპეციალური სტატუსის ქონა სჭირდება.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით არსებობს პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომლის ფარგლებში დახმარების არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის არის ჯანდაცვის პროგრამები, როცა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ადამიანები შესაბამის დახმარებას უფასოდ იღებენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გვერდით დაუდგეს. როდესაც ბიზნესი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთში საწვავი შეიტანოს, ეს არის მათი არჩევანი, რაც კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.