საწვავის გატანის ისე გაყიდვა თითქოს, ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და დებისთვის ხდება საწვავის მოხმარება, უბინძურესი აქტია – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის კორუფციული სქემის ნაწილი, რომელზეც ხელს ითბობს „მთელი „ქართულ ოცნების” ვერტიკალი” და ეს საწვავი სანქციების გვერდის ავლით გადის რუსეთში.

„ეს არის ჩვეულებრივად აგებული კორუფციული სქემა, „ქართულ ოცნების” ოჯახთან დაკავშირებული პირების მიერ ორგანიზებული. ამაზე ხელს ითბობს მთელი „ქართულ ოცნების” ვერტიკალი. საწვავის გატანის ისე გაყიდვა თითქოს, ჩვენი აფხაზი ძმებისთვის და დებისთვის ხდება საწვავის მოხმარება, არის უბინძურესი აქტი. უბრალოდ მოგიწოდებთ ღია საინფორმაციო საშუალებებზე შეხვიდეთ და იხილოთ ე.წ ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, ვიღაც ჯამბაზი, რომელიც საქართველოდან შეტანილ საწვავს ალტერნატიული გზიდან შეტანილს ეძახის. მადლიერების ნულოვანი გრძნობა აქვს და იქ ხალხი პირდაპირ უწერს კომენტარებში, რომ ეს საწვავი ნახეს გაგრაში, ფსოუზე საზღვართან. საწვავი, რომელიც შედის ენგურიდან, პირდაპირ კვეთს ფსოუს და მიდის რუსეთში. ეს არის ალტერნატიული და დავეთანხმები ე.წ მინისტრს, ვიღაც ჯამბაზს, რომელიც ამბობს, რომ ეს საწვავი ალტერნატიულია. ეს არის ალტერნატიული გზით, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც უჭირს. ეს არის ჩვენი მტრის დახმარება და კორუფცია. მტრის დახმარება კორუფციასთან ერთად რამხელა სიბინძურეა ეს თავად ჩვენმა მაყურებელმა განსაზღვროს”, – განაცხადა დათუნაშვილმა.