კოლიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ.

როგორც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, „რეჟიმი ცდილობს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდოს და წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.

„ჩვენი კოალიცია იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე იქ, სადაც რეჟიმს არ ჰქონდა საარჩევნო მანიპულაციების, „კარუსელის“ დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა დაშინება-ზეწოლის საშუალება, „ქართული ოცნება“ 13 პროცენტით იყო წარმოდგენილი. მათ განიცადეს სრული კრახი და დამარცხდნენ.

ამის პასუხად, „ქართულმა ოცნებამ“ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვა საზღვარგარეთ საარჩევნო ხმის უფლება, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათგან ემიგრანტებისადმი პასუხი: „ჩვენ არ ვართმევთ საარჩევნო უფლებას, ყველას შეუძლია ჩამოვიდესო“. ეს რამდენად არარეალურია, ყველას მოეხსენება.

როდესაც ადრე პრობლემას წარმოადგენდა არასაკმარისი და არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა, ჩვენ წლების განმავლობაში სწორედ იმისთვის ვიბრძოდით, რომ საზღვარგარეთ მეტი ადამიანი ყოფილიყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ის ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებასა და ნების ფორმირებაში ჩართულნი. ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მათ საარჩევნო უფლება წაართვა.

მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ემიგრანტებს: შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა!

თვეების განმავლობაში ვიმუშავეთ კონსტიტუციურ სარჩელზე და მოვამზადეთ ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება, რადგან ეს მხოლოდ რეგულაციის ცვლილება კი არ არის, არამედ ანტიკონსტიტუციური აქტია. ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, გახდეს მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას სასამართლოში.

ბუნებრივია, არათუ მურუსიძე – ჩინჩალაძის სასამართლოსი, არც საკონსტიტუციო სასამართლოსი მოლოდინები არ გვაქვს, თუმცა პოლიტიკური პარტიის ბრძოლა ყველა ველზე ბრძოლას გულისხმობს – არჩევნებში მონაწილეობას, ინსტიტუციურ ბრძოლას, მშვიდობიან პროტესტს, დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ხმა და გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი.

ჩვენ ვებრძვით რეჟიმს. რეჟიმი ცდილობს, მოქალაქეებს შეუზღუდოს და წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ჩვენ კი, ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის მეთოდსაც“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.