უსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები – ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა განაგრძო ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობლების წინააღმდეგ უგუნური და საშიში ქმედებებით.
„მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და გაერო-ს წესდების დარღვევით უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტური კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“, მისი განხორციელებისთვის დაუყოვნებლივ გადადგმულ ნაბიჯებს და რუსეთის მოქალაქის დანიშვნას საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ლიდერად, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
„მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, რომელმაც აღიარა ან დაამყარა ურთიერთობები ამ ერთეულებთან, მიჰყვნენ ამ მაგალითს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას; ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს; ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას; მათ ენაზე განათლების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას; მავთულხლართების აღმართვას და რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არაავტორიზებული ფრენების, რკინიგზისა და საზღვაო კავშირების დამყარებას. ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები იხსენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ეფექტურად აკონტროლებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს, ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე და სხვა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები. ასევე ხაზს ვუსვამთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერების გაცემას საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის. კვლავ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, გაიყვანოს თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე და ასევე ვალდებულებებს, დაუშვას შეუფერხებელი წვდომა ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებისთვის, როგორიცაა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები ხაზს უსვამენ იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვასა და საჭიროებებზე რეაგირების მნიშვნელობას, ასევე საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფას.
„ერთგულები ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს მისიის შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მისი მანდატის შესაბამისად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელებას ერგნეთში და ხაზს ვუსვამთ გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენის აუცილებლობას წინაპირობების გარეშე და ორივე მექანიზმის ფუნქციონირებას ძირითადი წესებისა და დამფუძნებელი პრინციპების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ 18 წლიან მოწოდებას რუსეთისადმი, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.