შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს და ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ფინანსური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.