„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებით დადასტურდა მმართველი გუნდის შეფასება, თითქოს ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გაძარცვა.

მაჭავარიანი ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა. წითლიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“, „მთავარი არხისა“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძარცვაში დაადანაშაულა.

„პირდაპირ აღიარეს „ნაცებმა“, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა. ამ შემთხვევაში ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი არის ფული და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ფავორიტობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, რადგან, მისი შეფასებით, ფავორიტი უფრო მეტ დაფინანსებასა და პრივილეგიებს იღებს.

მაჭავარიანმა ასევე განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეფასებები საქართველოს მართლმსაჯულებამ და მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ამასთან, მან ევროკავშირის წარმომადგენლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი გვარამიას მიმართ პოლიტიკურ დევნად შეფასებას ინარჩუნებენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

მაჭავარიანმა განცხადების ავტორები გააკრიტიკა და მათ „უსამშობლოთა გაერთიანება“ უწოდა. მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები უცხო ძალებს ემსახურებიან და დაფინანსებას იღებენ.

„ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, თინა ხიდაშელი და ძმანი და დანი მათნი ისე არიან პატრიოტები, როგორც მე ვარ ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიტერატურის დარგში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ კამპანიას იმ მიზნით აწარმოებდნენ, რომ არ გასაჯაროებულიყო, საიდან იღებდნენ დაფინანსებას და რაში ხარჯავდნენ თანხებს.