განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმების პირველ შეკვეთაზე თითო მოსწავლეზე რაოდენობა შეზღუდული იქნება.

  • ბიჭებისთვის: 2 პიჯაკი და 4 შარვალი;
  • გოგონებისთვის: 2 პიჯაკი, 2 შარვალი და 2 ქვედაკაბა.

მიქანაძის თქმით, სისტემა ბავშვის სახელზე აღრიცხავს შეძენილ ფორმებს და პირველ ეტაპზე დადგენილ რაოდენობაზე მეტის შეკვეთა შეუძლებელი იქნება. სამინისტრო დამატებითი ერთეულების შემოტანაზე მუშაობს.

მისივე ინფორმაციით, ფორმების შეძენა შესაძლებელია როგორც სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საცალო პუნქტებში, ისე ონლაინ პლატფორმის საშუალებით. მშობლებს ასევე შეუძლიათ ფორმა თავად შეაკერინონ ან სხვა წყაროდან შეიძინონ, თუმცა ის დადგენილ დიზაინსა და კრიტერიუმებს უნდა შეესაბამებოდეს.

15 სექტემბერს პირველკლასელები სწავლას ახალი სასკოლო ფორმებით დაიწყებენ, ხოლო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ფორმებით სრულად 31 დეკემბრამდე იქნებიან უზრუნველყოფილი.