ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან საკანონმდებლო წინააღმდეგობას წააწყდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შემდეგ სომხეთს საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოუწევს, რაც, მისი შეფასებით, წინააღმდეგობაში მოდის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მოქმედ წესებთან.
„ევროკავშირში განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს სტანდარტები ჩვენთან და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მიღებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. სწორედ აქ წავაწყდებით წინააღმდეგობებს, რომლებიც თავად სომხეთს დააზარალებს“, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებისკენაც მოუწოდა.
„რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, მე რეკომენდაციას ვუწევ იმას, რომ თურქეთისა და მთელი რიგი სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოთ. მათი განაცხადის შეტანიდან ათწლეულები გავიდა, მაგრამ ვითარება არ შეცვლილა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.