გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს.
ერთობლივი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა, გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე აღინიშნება.
„რუსეთის შეჭრამ ეჭვქვეშ დააყენა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები და შეარყია როგორც რეგიონული, ასევე გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა რასმუსენმა.
ხელმომწერები ასევე აცხადებენ, რომ საჭიროა საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.
„მსხვერპლთათვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი – განსაკუთრებით კი მსოფლიოში მომავალი სისასტიკის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომის შედეგები უკრაინის ფარგლებსაც სცდება. მისი განცხადებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანას საჰაერო სივრცის დარღვევისა და დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების წინაშე მოუწია აღმოჩენა, რაც შემდგომი ესკალაციის რისკს ზრდის.
რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვებსა და უკრაინის საპორტო ობიექტებზე გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე.
„რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება წელიწადნახევარზე მეტია ითხოვს. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენც გვინდა მშვიდობა. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს, მათ შორის, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ, უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის დელეგაციამ.