„აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგი საქართველოს „მუდმივი რყევა და საბოტაჟი, დესტაბილიზაცია და მავნებლობაა“.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ და NGO-ებმა ბოლო წლებში ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ხუთჯერ სცადეს.

„წინა „პოსტებში“ საზოგადოებას დეტალურად გავახსენე აგენტურული ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების მიერ წარმოებული „აფერისტული“ კამპანია – „რუსული კანონი“ და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მათი მხრიდან დაორგანიზებული აქციები“, – წერს მაჭავარიანი.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს აწამებდა და კლავდა. მაჭავარიანი ასევე საუბრობს ბრიუსელში გაგზავნილ წერილებსა და საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულ განცხადებებზე.

„აგენტურა აგრესიულ კამპანიას აწარმოებდა, თითქოს საქართველო „შავი ხვრელი“ იყო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას ცდილობდა“, – წერს დეპუტატი.

მაჭავარიანი ასევე აკრიტიკებს ოპოზიციის პოზიციას ჩინეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან და არაბულ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

მისი თქმით, ოპოზიცია მოქალაქეებს საქართველოში მსხვილი ინვესტიციების განხორციელების წინააღმდეგ განაწყობდა და სხვადასხვა პერიოდში „რუსეთიზაციის“, „ჩინეთიზაციის“, „ირანიზაციისა“ და „არაბიზაციის“ კამპანიებს აწარმოებდა.

„აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა ბოლო წლებში ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატი ასევე აკრიტიკებს ოპოზიციის განცხადებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათ მიერ ეკლესიისა და სამღვდელოების მიმართ წარმოებულ კამპანიებზე საუბრობს.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ LGBT პროპაგანდის ამკრძალავ კანონს და პოლიციელების მიმართ „მოძალადის იარლიყის“ მიწებებას ცდილობდნენ.

„თქვენი დღის წესრიგი საქართველოს მუდმივი რყევა და საბოტაჟი, დესტაბილიზაცია, მავნებლობა და ჩვენი მოქალაქეების ფაშისტური მეთოდებით იძულებაა, რომ თქვენი შეთხზული ზღაპრები დაიჯერონ.

თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები! ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობის და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“, – წერს ლევან მაჭავარიანი.