თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ახალი ბრალი გუშინ წარუდგინეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურის განცხადებით, 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენა დასჭირდა, რომელიც საიდუმლო შესყიდვის გზით უნდა განხორციელებულიყო.
უწყების ინფორმაციით, იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ შესყიდვები იმგვარად განხორციელდებოდა, რაც კონკრეტულ კომპანიებს გამარჯვების გარანტიას მისცემდა და სანაცვლოდ ისინი არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს მიიღებდნენ.
პროკურატურის ცნობით, სამ საიდუმლო შესყიდვაში კომპანიებმა, რომელთა წარმომადგენლებიც საქმეში ფიგურირებენ, 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების სამედიცინო აპარატურა და ინვენტარი თავდაცვის სამინისტროს 18 484 960 ლარად მიაწოდეს.
უწყების განცხადებით, ბიზნესმენისგან ვასილ მხეიძისთვის ეტაპობრივად 1 900 000 ლარი იყო გადაცემული. აქედან 400 000 ლარი მან პირადი სარგებლის სახით დაიტოვა, ხოლო 1 500 000 ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა. პროკურატურის მტკიცებით, ბურჭულაძემ აღნიშნული თანხიდან 750 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, საქმეში მონაწილე სხვა პირები, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, უკვე მსჯავრდებულები არიან. ბურჭულაძეს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უწყების განმარტებით, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე უკვე სასჯელს იხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის დამატებითი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით კი არა, წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.