რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ბილოგოროდის თემში მდებარე „ნოვა პოშტას“ საწყობებს შეუტიეს და სვიატოპეტროვსკეში მდებარე საწარმოო ობიექტები დააზიანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ბილოგოროდის ხელმძღვანელზე, ანტონ ოვსიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე იმყოფება ყველა სამსახური – სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები, ადგილობრივი სახანძრო ბრიგადა, პოლიცია და თემის კომუნალური სამსახურები. ღამის თავდასხმის შემდგომი მოქმედებები გრძელდება“, – აღნიშნა ოვსიენკომ.

მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მაშველები ბუჩას რაიონში რამდენიმე მონაკვეთზე მუშაობდნენ, სადაც დრონებით დარტყმის შედეგად საწყობებსა და ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ტკაჩენკომ, განაცხადა, რომ დრონებით დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის კერძო და საცხოვრებელ კორპუსებზე, საწყობებზე, ავტომობილებსა და ბიზნეს ობიექტებზე.

„რეგიონში 14 საწყობი, 16 კერძო სახლი, სამი საცხოვრებელი კორპუსი და 16 ავტომობილი დაზიანდა. ზიანი დაფიქსირდა ფასტივის, ბორისპოლის, ვიშგოროდის, ბროვარსკის და ბუჩას რაიონებში“, – აღნიშნა ტკაჩენკომ.