საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში მიიღო.
როგორც  პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან  განაცხადეს, ფრანსუა ოლანდთან საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.

მათივე განმარტებით, შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ ორმხრივ ურთიერთობებშიც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული და უცხოური მედიისათვის კომენტარი გააკეთა.
”მე ვნახე ტრადიციულად საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და საქართველოს ინტერესებს. ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხება”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გუშინ დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები შედგება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.