რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშას მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა აღნიშნა, რომ ეს არის როგორც აზერბაიჯანის, ასევე მისი პირადი პოზიცია.

„მიმაჩნია, ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ასევე ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის პოზიცია, რომლის მიწებიც ოკუპირებული იყო და შემდეგ ამ ოკუპაციისგან გათავისუფლდა“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, „არასდროს შეეგუონ ოკუპაციას“.

„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა, დღესაც იგივე რეკომენდაციას გავიმეორებდი, არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. ის არ იღებს ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის რთული პერიოდებისა“, – აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, მისთვის ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია, რომელიც, ალიევის განცხადებით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს.

„მისი პოზიციაა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა შეხების ხაზის გასწვრივ. ვერ ვიტყვი, რამდენად აქტუალურია ეს წინადადება ახლა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მას ამ პოზიციიდან საჯაროდ უკან არ დაუხევია“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბაქო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

„არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მტკიცეა“, – აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს დახმარებას უწევს როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე კერძო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით.

ალიევმა ასევე ისაუბრა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულად ნორმალიზებულია.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რუსეთთან ურთიერთობებს. დიახ, იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს ეტაპი უკვე წარსულს ჩაბარდა. ვიტყოდი, რომ ურთიერთობები სრულად ნორმალიზდა. სხვადასხვა დონეზე კონტაქტები გრძელდება“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით.