საქართველოს დედაქალაქის უმთავრეს ქუჩას – რუსთაველის გამზირს უწოდებენ. რუსთაველის სახელი მას 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიენიჭა. მანამდე, 1840-იანი წლებიდან, გამზირი კავკასიის მთავარმართებლის, გოლოვინის სახელს ატარებდა. სანამ ჩვენს  გამზირს ვინმეს სახელს მიანიჭებდნენ, ის, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან,  “რუსეთისკენ მიმავალ გზად” მოიხსენიებოდა, რადგან სწორედ აქ იყო განლაგებული ე.წ. სამთავრობო ადგილები, შემდგომში კი – რუსეთის მეფისნაცვლის სასახლე.

უფრო ადრე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზე ჩანს, რომ დღევანდელი გამზირზე დიღმის გზა გადიოდა, რომელიც ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყებოდა. ამ გზის აღმოსავლეთით, ფერდობზე კი ერთადერთი დასახლებული უბანი – “გარეთუბანი” აქვს აღნიშნული.