ოპოზიციის ნაწილის ალიანსი შედგა. პარტიები ბრძოლის საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. გაერთიანების წევრები არიან: ახალი, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“. ალიანსის მიზანი, მათივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის აღდგენა, დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფა, ქვეყნის უსაფრთხოება და ქართველი ხალხის კეთილდღეობაა. ერთობის მონაწილე არ არიან პარტია „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“ და პარტია „გირჩი“.

პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი, გიორგი შარაშიძე ,,ოპოზიციის ალიანსს” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში.

„ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“. ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით გააკეთეს „ოცნების“ საქმე, შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ წარსულს და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი კავშირი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, სტრატეგია, ტაქტიკა, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის გამიზნული „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ და ისეთი უპასუხისმგებლო მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, ეს დაიწყო ჯერ ბოიკოტის კამპანიით, რასაც მოჰყვა შემდეგ „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაცია, რა თქმა უნდა, იყო „ოცნების“ დაგეგმილი და ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა თუ უნარი ამ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ და „ოცნება“ არ გაეძლიერებინათ. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც ბოიკოტის მომხრე იყო. როცა ბოიკოტზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვგულისხმობ აქ და სალომე ზურაბიშვილი არ იყო ბოიკოტის მომხრე? და არ იყო ერთ-ერთი ვინც ლანგრით მიართვა 64-ვე მუნიციპალური ხელისუფლება „ოცნებას“? არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე? 4 ოქტომბერსაც კი, სანამ ფაქტობრივად არ დაინახა ის ქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლესთან, მანამ ხალხს მოუწოდებდა რუსთაველზე გასვლისკენ. ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში,”-

ცხრა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას აფასებენ მმართველ გუნდში

,,რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს და უნდათ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ჰყავდეთ – მათი მიზანი ძალიან მძიმე და შავბნელია, “- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი სამოქმედო გეგმა ქვეყნის დანგრევას გულისხმობს.

,,ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა: „მიწა ხარ და მიწად იქეცი“ – თავიანთ ბუნებრივ წიაღს, დედა პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო – სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს – შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად ამ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრი აღმოჩნდა, – ამის შესახებ კი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა“.