ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ რთულია. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების დაბომბვას აგრძელებენ. საპასუხოდ, ირანი ისრაელსა და რეგიონში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს ესვრის. საომარი მოქმედებების ფონზე, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. 

უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ირანში იერიშების შედეგად სულ მცირე  780 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 176 ბავშვი. ათასამდეა დაშავებულთა რაოდენობა. 

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მასშტაბით, 153 ქალაქსა და 500-ზე მეტ ადგილას, 1 000-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა. ცნობილი ხდება, რომ ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ირანის სახელისუფლებო ობიექტები დაბომბა, მათ შორის ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე „ირანის არმიის ოფიცრების მომზადების დაწესებულება“. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მათ გაანადგურეს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო პოსტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამხედრო აეროდრომები და რაკეტის გასაშვები ადგილები. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეერთებული შტატები და ისრაელი ომის დანაშაულებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული იყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა ირანის, ნატანზის ბირთვული ობიექტის დაზიანება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ნატანზში, ირანის ბირთვული საწვავის გამდიდრების ქარხანას ზიანი მიადგა.

ირანთან კონფლიქტის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საავადმყოფოებში სულ მცირე 289 დაშავებული გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ისრაელის საავადმყოფოებში სულ 1050 ადამიანი მოხვდა. ირანის სარაკეტო საფრთხის ფონზე, ისრაელში პერიოდულად განგაშის სიგნალები ისმის. ისრაელის მიმართულებით რაკეტებს და დრონებს უშვებენ ლიბანიდანაც.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ „ისრაელის კრიმინალური აგრესიის საპასუხოდ, რომელმაც ლიბანის ათობით ქალაქი და დაბა დაბომბა“, ისრაელის სამ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის ტერიტორიაზე დაიწყეს მოქმედება. მათივე ცნობით, ისრაელის ჯარები ლიბანის სამხრეთ ნაწილში, სასაზღვრო ზონის მახლობლად, რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი ომი არ იქნება.

საბრძოლო მოქმედებების ზონაშია სპარსეთის ყურის ქვეყნებიც. ომანში, დუქმის პორტში საწვავის ავზი დრონით დაბომბეს. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. იგივე პორტი დრონებით თავდასხმის სამიზნე გასული კვირის ბოლოსაც გახდა. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის იერიშის შედეგად ბაჰრეინში ამერიკული საჰაერო ბაზა განადგურდა. ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება. ამჟამად, ორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა.

აშშ-მა თავის არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს ახლო აღმოსავლეთის ექვსი ქვეყნის დატოვების ბრძანება მისცა. უსაფრთხოების რისკების გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თანამშრომლებს ოჯახებთან ერთად ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მედიის ცნობით, დეპარტამენტმა გადაწყვეტილება საუდის არაბეთსა და ქუვეითში ამერიკის საელჩოებზე თავდასხმების შემდეგ მიიღო.

კეთდება განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდანაც. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს საკმარისი იარაღის მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კი აცხადებს, რომ მომავალში ირანზე კიდევ უფრო მძიმე იერიშები განხორციელდება. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება.