„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში,ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დამნაშავედ ცნო.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საერთო ჯამში, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი, საიდანაც ერთზე განაჩენი დღეს დადგა, დანარჩენ ორზე კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.