აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ იერიშებს გამოეხმაურა და ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
“სამარცხვინოა ის, რაც ხდება. ჩვენ ინდოეთის სამხედრო იერიშის შესახებ შევიტყვეთ ახლა, როდესაც ოვალურ კაბინეტში შევდიოდით. ვფიქრობ, გამოცდილებიდან გამომდინარე, იქ მყოფმა ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ინდოეთი და პაკისტანი იბრძვიან უკვე მრავალი ათწლეულია და საუკუნეებიც კი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება,” – ამბობს დონალდ ტრამპი.
კონფლიქტის აუცილებელ დეესკალაციაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს განცხადებით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, მხარეებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
“ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას. ვიმეორებ პრეზიდენტის დღევანდელ კომენტარს, რომ იმედია, ეს სწრაფად დასრულდება. გავაგრძელებ ინდოეთისა და პაკისტანის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, – წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მანამდე, აშშ-ში ინდოეთის საელჩომ განაცხადა, რომ ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, აჯიტ დოვალმა მარკო რუბიოს „მიაწოდა ინფორმაცია ინდოეთის მიერ მიღებული ზომების შესახებ“.
რაც შეეხება მხარეების პოზიციებს – პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით, ინდოეთის თავდასხმების შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
არმიის მეთაურის თქმით, დაშავებულია 46 ადამიანი.
ამასთან, პაკისტანის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ პაკისტანი ინდოეთს უპასუხებს მის მიერ შერჩეულ დროს, ადგილას და საშუალებებით.
ამასთან, ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა.
ინდოეთის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, ქაშმირის ქვეყნის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის ჯარების მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგად სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
თავის მხრივ, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ იშაკ დარმა განაცხადა, რომ ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 35 დაშავდა.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყება მხარეებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ინდოეთში ჩავა. თეირანი ნიუ დელსა და ისლამაბადს არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე შუამავლობას სთავაზობს.
შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დელი აცხადებს, რომ ოპერაცია “სინდორის” ფარგლებში ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანის ინფორმაციით, ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა.
–