„დღეიდან უკვე დეკლარირებულად და ოფიციალურად კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ სარჩევნო ბრძოლაში შედის. არა უბრალოდ არჩევნებში, არამედ საარჩევნო ბრძოლაში. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რა ბრძოლაში შევდივართ. ეს არის პროცესი, ბრძოლა საქართველოსთვის, თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის, ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ კოალიციას, უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ამ ბრძოლას გავექცეთ და ბრძოლაში მივატოვოთ საქართველოს მოსახლეობა და მოქალაქეები – არა, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და ვაპირებთ ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას. ამ რუსულ რეჟიმს, ამ მოღალატეების მმართველობასაც ზუსტად ის უნდა, რომ ჩვენ გავეცალოთ წინააღმდეგობის გარეშე და პირდაპირ დავუთმოთ თითოეული სოფელი, საარჩევნო უბანი, მუნიციპალიტეტი და დაბა. უნდათ, რომ წინააღმდეგობის გარეშე გადაიფორმონ საქართველო და გაამყარონ ეს ამაზრზენი ავტორიტარიზმი და დიქტატურა. ჩვენ ჩვენს თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ, ამ ფუფუნების უფლებას არ მივცემთ ამ სულგაყიდულ ქართველებს და ბრძოლაში შევალთ. ჩვენი წინაპრები ყველაზე უთანასწორო ბრძოლაშიც კი მტერს ზურგს არ აჩვენებდნენ, ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და შედიოდნენ ყველაზე განწირულ ბრძოლაში და იმარჯვებდნენ. ამას ვაპირებთ ზუსტად ჩვენ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ თავგანწირვით, შეუპოვრად და ბოლომდე – ჩვენ, მათი შთამომავლები ზუსტად ამას ვაპირებთ – ვიბრძოლოთ თავგანწირვით, შეუპოვრად და ბოლომდე.
და ბოლოს, ყველა, ვისაც გული გერჩით, ჩვენს გვერდზე დადექით პარტიულობის და ყველაფრის მიუხედავად და ერთად გავმართოთ ეს ბრძოლა, სადაც დარწმუნებული ვარ, სახელოვნად გავიმარჯვებთ,”-ამის შესახებ ,,ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა,ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.